ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსული სასამართლოს წინაშე ეკატერინბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართულ პროცესზე წარდგა. წაყენებული ჯაშუშობის ბრალდებით მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსი პროკურორები აცხადებენ, რომ „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ რეპორტიორმა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით, საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვა იმ რუსული კომპანიების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ტანკებს აწარმოებს.
გერშკოვიჩი, „უოლ-სტრიტ ჯორნალი“ და ამერიკის მთავრობა უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთში სამუშაოდ აკრედიტებული რეპორტიორი.
„ჯაშუშობის ეს ყალბი ბრალდება აუცილებლად გამოიწვევს უდანაშაულო კაცის ყალბ მსჯავრს“, – თქვა „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ მთავარმა რედაქტორმა ემა ტაკერმა.
რუსეთში ამერიკის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: “მისი საქმე არ ეხება მტკიცებულებებს, პროცედურულ ნორმებს ან კანონის უზენაესობას. საუბარია იმაზე, რომ კრემლი იყენებს ამერიკის მოქალაქეებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.”
კრემლმა სასამართლო პროცესის გახსნის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მთავრობის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენ ვიცით, რომ ეს თემა ძალიან, ძალიან რეზონანსულია შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს არც ისე რეზონანსულია ჩვენს ქვეყანაში”.
საქმის დახურული, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ განაცხადა, რომ შემდეგი სხდომა 13 აგვისტოს გაიმართება, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქმე თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
Source: VOA.gov
Leave a Reply