ნატო მზად არის ვაშინგტონის სამიტზე პირველად გამოაქვეყნოს თავდაცვითი ინდუსტრიის ვალდებულება, რათა ქვეყნებს მოუწოდოს, გააფართოონ იარაღის წარმოება და დაუბრუნდნენ საბრძოლო მასალის უფრო მკაცრ სტანდარტებს, რათა ბრძოლის ველზე ჭურვები ურთიერთჩანაცვლებადი გახდეს.
ამჟამად, ნატო აკონტროლებს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების სტანდარტის დაცვას, რაც მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის საბრძოლო მასალა გამოიყენონ. თუმცა, საარტილერიო ჭურვების შემთხვევაში, ეს ასე მარტივი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის სტანდარტი არსებობს, მისი დანერგვა ნებაყოფლობითია, რაც ბაზრის ფრაგმენტაციასა და მარაგების მიწოდების შეფერხებებს იწვევს.
ნატოს თოთხმეტმა ქვეყანამ სტანდარტისგან გადახვევის უფლება დაიტოვა, რადგან 155-მილიმეტრიანი ჭურვის სხვადასხვა ტიპები არსებობს. არტილერიის ექსპერტების თქმით, განსხვავებული ჭურვების ყველა “ჰაუბიცაში” გამოყენება მაინც შესაძლებელია, მაგრამ არტილერისტებს ჭურვის გამოყენებისას მისი მონაცემების შეყვანა სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის იმის რისკი, რომ ჭურვი სამიზნეს 50-60 მეტრით ააცილონ.
საბრძოლო მასალის მონაცემები აღწერილია ცხრილებში, რომელსაც არტილერისტები იყენებენ, მაგრამ ალიანსის ოფიციალური პირების თქმით, ხანდახან კომპანიები ყველა საჭირო მონაცემს არ იძლევიან და ნატოს ამის შეცვლა სურს. მისი მიზანია, ასევე უფრო საერთო სტანდარტების მიღება, რაც უფრო მარტივ და უფრო მოკლე ცხრილებს ნიშნავს.
„სამყარო, რომელშიც ნატოს ერთი სტანდარტული ჭურვი იქნება, სადაც ყველა მოკავშირე ერთსა და იმავეს აწარმოებს, სამხედრო მეთაურებისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება,“ განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა სააგენტო “როიტერთან” ანონიმურობის დაცვის პირობით.
თუმცა, შესაძლოა ნატოს წინააღმდეგობა შეხვდეს საბრძოლო მასალის მწარმოებლების მხრიდან, რადგან ასეთ პრაქტიკას კონკურენციის გაზრდა და ფასების შემცირება შეეძლება.
Sources: VOA.gov
Leave a Reply