ნატო 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად ემზადება საიუბილეო სამიტისთვის, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. სამიტამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება.
“ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა სამიტზე იქნება უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და მათ სჭირდებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა. ასე რომ, მომავალ კვირას სამიტზე, მე ველი, რომ სახელმწიფოთა მეთაურები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების არსებით პაკეტზე,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რასაც სამხედრო ალიანსი უკრაინის დასახმარებლად გადადგამს.
“პირველი, ნატოს უსაფრთხოების დახმარება და გადამზადება უკრაინისთვის. ნატო თავის თავზე აიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების უმეტესი ნაწილის კოორდინაციას და უზრუნველყოფას. [ეს მოხდება] სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით და დაახლოებით 700 პერსონალის [ჩართულობით], რომლებიც მუშაობენ ნატოს შტაბ-ბინაში გერმანიაში და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ლოგისტიკურ კვანძებში. ეს ნატოს კონფლიქტის მხარედ არ გახდის, მაგრამ გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას,” – განმარტავს სტოლტენბერგი.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო ფინანსური კუთხითაც გააგრძელებს და განაახლებს უკრაინის დახმარებას.
“რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეები ყოველწლიურად აწვდიან დაახლოებით 40 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას [უკრაინას]. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ეს არის მინიმალური საბაზისო ხაზი.
მე ველი, რომ მოკავშირეები სამიტზე გადაწყვეტენ ამ დონის შენარჩუნებას მომავალ წელსაც. ასევე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან ტვირთის სამართლიანად გაზიარებაზე, მათი მშპ-ის ზომის გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ დაფინანსების მდგრად დონეს უკრაინის უპირატესობის მისაღწევად,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
დაპირებებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტი დაუყოვნებელი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამუდმებით ითხოვს უფრო სწრაფად და უფრო მეტი იარაღის მიწოდებას. განსაკუთრებით კი – საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. სტოლტენბერგმა დღეს ჩატარებული კონფერენციის დროს თქვა, რომ ის ასევე მოელის, რომ “მოკავშირეები დამატებით უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას, ისევე როგორც სხვა შესაძლებლობებს [უკრაინისთვის]”.
Sources: Geo.BigNY.com, VOA.gov
Leave a Reply