უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინა.
პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვს ამ თანამდებობაზე ნიშნავს. ეს პოზიცია სხვა ფუნქციებთან ერთად, ოპერაციების სტრატეგიულ დაგეგმვასაც გულისხმობს. ჰნატოვი გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლის ჩაანაცვლებს, რომელიც სამხედრო წარუმატებლობის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.
ჰნატოვის მთავარი ამოცანები მოიცავს “რაც შეიძლება მეტი მებრძოლის სიცოცხლის შენარჩუნებას” და რუსული ძალების მოგერიებას, – თქვა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში.
ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვა ქალაქ პოკროვსკის ნიშნის ფონზე ჩაწერა. ეს ფრონტის ის ნაწილია, სადაც რუსეთის 28-თვიანი სრულმასშტაბიანი ომის დროს ყველაზე ინტენსიური შეტაკებები ხდებოდა და კვლავაც გრძელდება.
ვიდეოში ის გაკვირვებას გამოხატავდა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში რეგიონში არ იყო ჩასული.
“კიევში ცალკე საუბარი იქნება, განსაკუთრებით ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ფრონტის ხაზთან ახლო რაიონებში უნდა იყვნენ რთული საკითხების გადასაჭრელად. იქ, სადაც ხალხს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდება”, – თქვა ზელენსკიმ. “გადაწყვეტილებები, რომლებიც უბრალოდ არ ჩანს კიევიდან”, – დაამატა მან.
ზელენსკიმ და არმიის მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ ასევე მოისმინეს მოხსენებები ფრონტზე პოზიციების შესახებ.
უკრაინის არმია ამ გაზაფხულზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა მაისში რუსულმა ჯარმა ახალი ფრონტი გახსნა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და განაგრძო ზეწოლა უკრაინულ ძალებზე სხვა მიმართულებებითაც.
Source: VOA.gov
Leave a Reply